ბზუბზუ

სოფელ ბზუბზუს მეჩეთი

1940-იანი წლების ბოლოს, სოფელ ბზუბზუს მეჩეთი მოყვარული საბჭოთა ისტორიკოსების მიერ შედგენილი ქართული ხის ორნამენტების ნუსხაში აღმოჩნდა. ეს მოვლენა კარგად აღწერს, თუ როგორ შეიცვალა სოფლის მეჩეთი გასული საუკუნის შუაწელიდან დღემდე. ბზუბზუ ნუსხაში შეტანილი სხვა მეჩეთებიდან ერთადერთია, რომელიც დღემდე შემოგვრჩა. მიხეილ გარაყანიძის მიერ მომზადებულ და 1959 წელს გამოცემულ ნახაზებსა და ფოტოებზე აღბეჭდილია საუკუნის მანძილზე კარგად შემონახული, ოსმალური ეპოქისთვის დამახასიათებელი დეკორატიული ელემენტები. მეჩეთის ჭერის მედალიონს ირგვლივ წყვილი ტიტებისა და ვაზის რტოებით შექმნილი ჩარჩო არტყია, კარი თითქმის მთლიანადაა დაფარული ერთმანეთში გადახლართული გეომეტრიული ფიგურებით, ვერანდისა და ინტერიერისთვის დამახასიათებელ კაუჭებიან სვეტებს კი მდიდრულად მორთული ხეზე ნაკვეთი ორტნამენტები ამშვენებთ. ნახსენები პერიოდისთვის მეჩეთის მდგომარეობა, ასევე მის დოკუმენტირებაზე დახარჯული ენერგია მიგვანიშნებს, რომ მიუხედავად ისლამის რელიგიური პრაქტიკის დევნისა, საბჭოთა ხელისუფლება საკმაოდ იყო დაინტერესებული მისი სახელოვნებო მიღწევებით. წიგნში  “Грузинское Деревянное Зодчество (ქართული ხის ხუროთმოძღვრება)“ აჭარის მეჩეთებს გარკვეული ადგილი დაეთმო, რაც ასევე მიუთითებს, რომ საბჭოთა პერიოდის ხელოვნებათმცოდნეობისთვის ისლამური რელიგიური მსახურების ადგილებს რეგიონულ ხალხურ ხელოვნებად გადააზრების მცდელობა უცხო ნამდვილად არ იყო.

ბზუბზუს მეჩეთის 1959 წლის მდგომარეობასა და დღევანდელ ყოფას შორის თვალშისაცემი სხვაობაა. საბჭოთა ისტორიკოსების მიერ რუდუნებით დოკუმენტირებული ორნამენტებიდან თითქმის არაფერია შემორჩენილი. ვერანდა ამოშენებულია, როგორც ეს რეგიონის სხვა მეჩეთების შემთხვეავში მოხდა, ხოლო ნაკვეთი სვეტები კი მშენებლობის პროცესში თავიდან მოიცილეს; კრამიტის სახურავი კი ფურცლოვან მეტალს შეუცვლია. ინტერიერის თავდაპირველი დეკორაცია თითქმის აღარ არსებობს - ჭერის მედალიონზე ფანერის ფურცლებია აკრული, ხოლო მინბარი და მიჰრაბი სულ ცოტა ხნის წინ ხის მარტივი პანელებით განაახლეს. შემორჩენილი დეკორი უჩვეულოდ ნეოკლასიკურია - დახვეული დეკორატიული ელემენტების მქონე ფრონტონი თავს მიჰრაბის ცარიელ ნიშას ადგას. ქონგურებითა და შევრონებით გამოყვანილი  ორდონიანი კარნიზი კი პირველი სართულისა და მეზანინის ერთმანეთისგან გამოსაყოფადაა გამოყენებული.  

 

მუნიციპალიტეტი : ქედა
მდებარეობა :  41°33’14.1”N 41°50’35.6”E
მოსახლეობა : 306
აგების თარიღი: 1820-1860 (ჰიჯრით 1235-1276)
რესტავრაციის თარიღ(ებ)ი : დაახლ.1990-იანი წლები
მშენებლები:  უცნობია
მინარეთი: არ გააჩნია