ახო
სოფელ ახოს მეჩეთი
როგორც აჭარაში ცნობილი ყველაზე ძველი ისლამური საკულტო ნაგებობა, ახოს მეჩეთი ქედის მუნიციპალიტეტის კულტურული მარშრუტის ნაწილია. თავად შენობა 1818 წელს განეკუთვნება, თუმცა როგორც მინარეთის ფუნდამენტში ჩატანებულ ქვაზე არსებული წარწერა (ჰიჯრით 1340, ხოლო ქრისტიანული კალენდრით 1920-21 წლები) გვიანდელ განახლებაზე მიგვანიშნებს. დღემდე შემორჩენილი დეკორის სხვადასხვა ფენა შენობების გაფორმების რეგიონულ თავისებურებებს კარგად აღწერს: კარზე ამოკვეთილ ორნამენტებსა და მინბარზე ოსმალური მოტივები და ქართული ვერნაკულარული დიზაინია შერწყმული, ხოლო შაბლონების მეშვეობით დამზადებული ხის დამაგრებული ელემენტები და დაღარული დორიული სვეტები რუსეთის იმპერიის გვიანდელი ეპოქისთვის უფროა დამახასიათებელი. მინბარის დეტალური ორნამენტები, რომლის ერთი მხარე ტიტის ოსმალური მოტივებით, ხოლო მეორე - ერთმანეთში გადახლართული რგოლებითა და ვარსკვლავებითაა დამშვენებული, შენობას ოსმალური მმართველობის ეპოქით ათარიღებენ. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით მეჩეთის კედლები შეათეთრეს, ცალკეული დეკორატიული ელემენტი, მათ შორის - შესასვლელ კარზე გამოსახული სიმინდის ტარო მიგვითითებს, რომ შენობა 1890-1920 წლებში მოიხატა. გუმბათის თავდაპირველ მოხატულობას, რომელსაც ათწლეულების მანძილზე ჭერიდან ჩამოჟონილი წყალი სპობდა, ფანერის ფურცლები ფარავს. რთული გეომეტრიული ნაყშებით მორთული ხის კარი ასლია - საბჭოთა პერიოდში, ადგილობრივი მუზეუმის თანამშრომლებმა ძველი ბათუმში, აჭარის სახელმწიფო მუზეუმს მიაბარეს, სადაც გასაბჭოებამდე ხანის სხვა ეთნოგრაფიულ ექსპონატებთან უნდა გამოეფინათ. ამჟამად, კარი ისევ მუზეუმს რჩება, ხოლო როდესაც ახოს მცხოვრებლებმა მისი დაბრუნება მოითხოვეს, დაწესებულებამ მათთვის ასლი შეუკვეთა.
მუნიციპალიტეტი: ქედა
მდებარეობა: 41°39'14.8"N 42°03'26.2"E
მოსახლეობა: 594
აგების თარიღი: 1818 (ჰიჯრით1233)
რესტავრაციის თარიღ(ებ)ი : 1920-1921; 1990-იანები
მშენებლები: თავდაპირველი მინარეთი 1920-იან წლებში დაანგრიეს. ახალი მინარეთი კი 1990-იან წლებში აიგო