უჩხითი

Uckhiti_Exterior.jpg

სოფელ უჩხითის მეჩეთი

სოფელ უჩხითის ძველი მეჩეთის 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის გამო განადგურების შემდეგ, ადგილობრივმა ოსტატმა უსტა ქიქავა ბასილაძემ ამჟამინდელი შენობა ააგო. ხის მარტივი შენობა ოსმალეთის ბატონობის დროინდელ საგულდაგულოდ ნაკვეთ გაფორმებასა  და გვიანი რუსეთის იმპერიისთვის დამახასიათებელი ფერადოვან მხატვრობასა და დამაგრებულ ორნამენტების ტრადიციას შორის გარდამავალ ეტაპს წარმოადგენს. უჩხითის მეჩეთის სალოცავ დარბაზში მოხატულობა საეთოდ არაა და ხის ორნამენტებიც მწირი რაოდენობითაა წარმოდგენილი; სამაგიეროდ, ხის ელემენტები გალაქულია და კარგადაა შემონახული. შეუღებავ მცირე ზომის გუმბათს ხის ორი მარტივი მედალიონი ამშვენებს, რომელზეც ვარსკვლავისა და ნახევარმთვარის მოტივებია გამოსახული. სალოცავი დარბაზის ზოგიერთი ელემენტი ახალია, მაგალითად - მიჰრაბი, ანტრესოლის მოაჯირი და მინბარი, რომლებზეც ტრადიციული დამაგრებული ორნამენტების უხეში მინაბაძებია წარმოდგენილი. ფასადზე გამავალი ფანჯრების ხის ჰორიზონტალური ძელაკები ძველი დროის საინტერესო გადმონაშთია, რითაც უჩხითის მეჩეთის ეს დეტალი კვირიკეს ფანჯრების ხის დარაბების გაფორმების ელემენტებს ეხმიანება.



მუნიციპალიტეტი : ხელვაჩაური
მდებარეობა :  41°32’13.9”N 41°48’27.3”E
მოსახლეობა : 260
აგების თარიღი: 1880-იანი წლები
რესტავრაციის თარიღ(ებ)ი : 1990-იანი წლები; 2016
მშენებლები: ადგილობრივი ოსტატი უსტა ქიქავა ბასილაძე ლაზ მშენებლებთან ერთად
მინარეთი: არ გააჩნია