ცხმორისი

IMG_1191.JPG

სოფელ ცხმორისის მეჩეთი

საბჭოთა ხელისუფლების დროს, ათწლეულების მანძილზე საწყობად ქცეული ცხმორისის მეჩეთი 2016 ქედის მუნიციპალიტეტის კულტურული მარშრუტში იქნა შეტანილი. რის გამოც ადგილობრივმა მთავრობამ რესტავრაციის მხარდაჭერა გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ აღდგენითი სამუშაოების შედეგად, ინტერიერი ნაძვის შეუღებავი პანელებით დაიფარა, მეჩეთისთვის დამახასიათებელი ყველაზე მნიშვნელოვანი დეკორატიული ელემენტები მაინც ჩანს. მინბარის მარჯვნივ, კიბის ქვეშ არსებულ მცირე კარზე შემორჩენილი  მოხატული ყვავილოვანი მოტივების ნაშთები გვაფიქრებინებს, რომ ამ პანელებს მიღმა, ერთ დროს მდიდრულად შემკული წითელი, ლურჯი და მწვანე ფერის მხატვრობა იმალება. დიდ თეთრ გუმბათს სავარაუდოდ, ევროპიდან შემოსული  ფერადი ყვავილების, ქსოვილის გირლიანდების და  გვირგვინების მოტივები ამშვენებს. სალოცავ დარბაზში არსებული სხვა მხატვრობით ცხმორისი ძალიან წააგავს ლაზი ოსტატების - ომერ უსტას და უსტა ბინ აჰმედის მიერ იმავე პერიოდში გაფორმებულ სხვა მეჩეთებს. მაგალითად, მუქ მწვანედ შეღებილ მიჰრაბის ნიშაში ყვავილის თიგული და ნახევარმთვარეების რიგია გამოსახული, რომელიც ბეღლეთის და დღვანის მეჩეთში არსებულ მოტივებს იმეორებს, ისევე, როგორც მინბარის პორტალსა და ზოგიერთი დორიული ორდერის მქონე სვეტის კაპიტელებზე დატანილი ბუშტუკების ან კენჭების მსგავსი ნაყშები. მინბარის მდიდრული მოხატულობის გარდა, სალოცავი დარბაზი ამოკვეთილი და დამაგრებული ხის ორნამენტებითაცაა გაფორმებული. დამაგრებული ორნამენტების უმეტესობა სცილდება საზოგადოდ გამოყენებულ შაბლონებს და უფრო გამორჩეულ, ყვავილოვან და აბსტრაქტულ სახეს იძენს. მინბარზე არსებული ვარდულები ხელითაა ნაკვეთი, მაშინ, როდესაც იმავე მოტივის ორნამენტებს რეგიონის სხვა მეჩეთებისთვის შაბლონის მიხედვით ჭრიდნენ და შემდეგ ამაგრებდნენ. ხელითაა ნაკვეთი კარსა და მის ჩარჩოზე გამოსახული, დამაგრებული ორნამენტების მსგავსი მორთულობა.          



მუნიციპალიტეტი : ქედა
მდებარეობა :  41°38’29.7”N 42°02’56.1”E
მოსახლეობა : 600
აგების თარიღი: 1891-1892  (ჰიჯრით 1310)
რესტავრაციის თარიღ(ებ)ი : 1990-იანი წლები; 2016-2017
მშენებლები უცნობია
მინარეთი: გააჩნია