თაგო

სოფელ თაგოს მეჩეთი

მთიან სოფელ თაგოს მეჩეთში ხეობის მეორე მხარზე გაშენებულ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრიდან - ხულოდან მოსახვედრად ყველაზე იოლად 1985 წელს აგებული საბაგირო გზით მოხვდებით.  თაგოს მეჩეთს ამჟამად საკმაოდ აქტიური მრევლი ჰყავს, თუმცა მის სალოცავ დარბაზს საბჭოთა მემკვიდრეობა (იგი სასოფლო-სამეურნეო საწყობად იყო გადაკეთებული) ჯერ კიდევ ატყვია. ინტერიერის მდგომარეობა სავალალოა - თითქმის ყველა კედელი, მიჰრაბის ნიშის ჩათვლით, პოლივინილის პანელებითაა დაფარული. ანტრესოლის დამჭერი ძველებური სვეტები ლითონის მილებითაა ჩანაცვლებული, ქვედა სართულის საკვამლე მილი ჯერ სალოცავი დარბაზის იატაკს გაივლის და მხოლოდ შემდგომ უკავშირდება ჭერს. ხეში ნაკვეთი მინბარის გვირგვინი და შეუღებავი გუმბათის ირგვლივ დამაგრებული ხის ორნამენტები ძველი დეკორაციის ნაშთებია. სალოცავი დარბაზის ქვედა სართულის შესასვლელის ვესტიბიულში ამჟმად მცირე მედრესე მოქმედებს. თაგოს მეჩეთის მაგალითზე კარგად ჩანს, თუ რა ძალისხმევა ჭირდება ადგილობრივ მოსახლეობას  მეჩეთში ყოველდღიური გამოყენებისთვის საჭირო კომფორტის შესაქმნელად. ცხადია, რომ ამ შემთხვევაში, ნაგებობის გრძელვადიან შენარჩუნებასა ან მისი, როგორც კულტურულ მემკვიდრეობის ნიმუშზე ზრუნვას ვერავინ ახერხებს.



მუნიციპალიტეტი : ხულო
მდებარეობა :  41°37’25.2”N 42°18’50.0”E
მოსახლეობა : 294
აგების თარიღი: 1900-1915 (ჰიჯრით 1318-1333)
რესტავრაციის თარიღ(ებ)ი : 1990-იანი წლები
მშენებლები ადგილობრივი ხელოსნები
მინარეთი: გააჩნია