მახალაკიძეები
სოფელ მახალაკიძეების მეჩეთი
მართალია, მახალაკიძეების მეჩეთის ამჟამინდელი მდგომარეობა არასახარბიელოა, მას დღემდე შეუნარჩუნებია მდიდრული, ხეზე ნაკვეთი დეკორი. შენობას აგების ან რესტავრაციის თარიღის აღმნიშვნელი ნიშანი არ გააჩნია, თუმცა ზოგიერთი ორნამენტი და არქიტექტურული თავისებურებების გამოყენებით, შესაძლოა, ოსმალური ეპოქით, კერძოდ - 1860-იანი წლებით დავათარიღოთ. ერთ-ერთი ასეთი მახასიათებელი გუმბათის ნაცვლად, ჭერში არსებული ნიშაა, რომელზეც ოდესღაც ორნამენტებით მორთული მედალიონი იყო შეკიდული. სავარაუდოდ, ეს უკანასკნელი კესონს მიმსგავსებულმა პლასტმასის პანელებმა დაფარეს, რომლებიც ამჟამად ჭერის მთელ სიგრძეზეა აკრული. ნიშის მსგავსად, კარის ორნამენტებიც ძველ პერიოდზე მიგვითითებენ. მაშინ, როდესაც შესასვლელის ჩარჩოს გრეხილი ორნამენტები ტიპურ ოსმალურ ქარგაზეა მოჭრილი, კარის დეკორი ნაკლებად სტანდარტულია - ჩარჩოს ქვედა ნაწილში დოქიდან ამოზრდილი ვაზის რქებია გამოსახული, რომლებიც ტიტებითა და ქრიზანთემებით დამშვენებულ ორ დიდ მედალიონს ქმნიან.
სოფელი პირველი მაისის მეჩეთის მსგავსად, მახალაკიძეების სამლოცველო დარბაზის სვეტებზე ხელით ნაკვეთი უამრავი უნიკალური დეტალია, რომელთა უმეტესობა მთელი სვეტის გასწვრივ გრძელდება. ორნამენტების გასართულებლად, ადგილობრივი ხალხური ტრადიციებით ნასაზრდოები მოტივებითაცაა გამოყენებული - ზოგიერთ სვეტზე მზის უძველესი სიმბოლო - ბორჯღალია გამოსახული, რომელიც საქართველოს მრავალ კუთხეში შეგვხვდება (იგი ასევე დატანილია ფულის ეროვნულ ერთეულზეც). რადგან მახალაკიძეები ძველ მეჩეთებს განეკუთვნება, სავარაუდოდ, მას თავდაპირველად, კედლის მოხატულობა არ ჰქონდა. რაც შეეხება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, ადგილობრივების მიერ შეღებვის მცდელობებს, მათი შედეგები სავალალოა. საღებავი დეტალებს ალაგ-ალაგ ფარავს, ხოლო კედლებზე შეფრქვეული საღებავით მიხატული ფიგურები ტრაფარეტის მეშვეობითაა გამოყვანილი.
მუნიციპალიტეტი : შუახევი
მდებარეობა : 41°33’02.8”N 42°18’49.5”E
მოსახლეობა : 315
აგების თარიღი: 1860-იანი წლები
რესტავრაციის თარიღ(ებ)ი : 1990-იანი წლები
მშენებლები: უცნობია
მინარეთი: გააჩნია