კვირიკე
სოფელ კვირიკეს მეჩეთი
სოფელ კვირიკეს მეჩეთი, როგორც ზღვისპირა აჭარის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი უძველესი დღემდე შემონახული ნაგებობა, დაცული კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ახლახანს მოხვდა. მართალია, საბჭოთა ხელისუფლების დროს მინარეთი და მედრესე დაანგრიეს (მათი საძირკვლის ნაშთები ადგილის გეგმაზე, მეჩეთის მარჯვენა მხარესაა დატანილი), მრავალი ისტორიულ-არქიტექტურული დეტალი ხელუხლებლადაა შემონახული. კვირიკეს ექსტერიერსა და ინტერიერს ოსმალეთის იმპერიის ბატონობის ეპოქისთვის დამახასიათებელი მრავალი ხეზე ნაკვეთი ორნამენტი ამშვენებს, რაც მეჩეთს გამორჩეულობას მატებს. შედარებით მკაცრ კლიმატურ პირობებში არსებული მთიანი მუნიციპალიტეტების ისლამური საკულტო ნაგებობებისგან განსხვავებით, კვირიკეს თავდაპირველი ისტორიული ექტერიერის დეტალები დღემდეა შემონახული, მათ შორის - ხის ჯვარედინი დარაბები, კრამიტის სახურავი ლუკარნით და ორიგინალური ორნამენტებით დამშვენებული ღია ვერანდა. გრეხილი მოტივის მქონე დეკორატიული სარტყელი ვერანდის ფასადის გასწვრივ მიუყვება. კარსა და მის ჩარჩოზე დაწნული და ტიტების ფორმის ორნამენტებია ამოჭრილი. მრავალი ნაკვეთი ორნამენტი მეჩეთის ინტერიერშიც გვხვდება - მიჰრაბს, მინბარს, სვეტებს და აივანს თავდაპირველი, შეუღებავი ხის დეკორები აქვთ შენარჩუნებული. მინბარის საგულდაგულოდ დამუშვებული გვირგვინის მორთულობა ადგილობრივი ხალხური მოტივების გავლენას განიცდის. როგორც ადრინდელი მეჩეთების უმეტესობა, კვირიკეს სრულფასოვანი გუმბათი არ გააჩნია და მის მაგივრობას ჭერის კესონი წევს, რომელზეც ორნამენტებით მორთული მედალიონია დამაგრებული.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ადგილობრივი სამსახურის მიერ ჩატარებული რესტავრაციისას, უპირატესობა არა შენობის ფუნქციის, არამედ - მის ტექნიკურ შენარჩუნებას მიენიჭა. სამუშაოების შედეგად, აღდგა ფანჯრები, შენობა ახალი კრამიტის სახურავით დაიხურა, ხოლო ხის დეტალები გადაღებვის ან შეფუთვის გარეშე შენარჩუნდა. თუმცა თავად სოფლის მოსახლეობა რელიგიურ მსახურებას დიდ ყურადღებას უკვე აღარ უთმობს, შესაბამისად, პარასკევისა და დღესასწაულების გარდა, მეჩეთი უმთავრესად ცარიელია..
მუნიციპალიტეტი : ქობულეთი
მდებარეობა : 41°46’07.9”N 41°50’20.0”E
მოსახლეობა : 1921
აგების თარიღი: 1861 (ჰიჯრით 1277)
რესტავრაციის თარიღ(ებ)ი : 2013
მშენებლები: ლაზი ოსტატი არქაბიდან (ოსმალეთის იმპერია)
მინარეთი: არ გააჩნია (თავდაპირველი დაინგრა და არ აღდგენილა)