გეგელიძეები

სოფელ გეგელიძეების მეჩეთი

გეგელიძეების მეჩეთი ამჟამად ქედის კულტურული მარშრუტშია შეტანილი. იგი მცირე გაუგებრობის მიზეზიც გახდა, როდესაც 2017 წლის მიწურულს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ადგილობრივმა სამსახურმა აღმოაჩინა, რომ ადგილობრივებს ინტერიერი და ფასადი თვითნებურად, ცისფრად შეეღებათ და შენობის წყლისგან პლასტმასის კარ-ფანჯრითა და პოლიურეთანის ქაფით დაცვა გადაეწყვიტათ. ინტერიერის თავდაპირველი მოხატულობა და ხეზე ნაკვეთი ორნამენტები მერქანბურბუშელას ფილებით დაიფარა, რამაც კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტების გულისწყრომა გამოიწვია. გეგელიძეების სოფლის მეჩეთის მაგალითზე კარგად ჩანს ის წინააღმდეგობა, რომელიც ერთის მხრივ, ისტორიული მემკვიდრეობის დაცვასა და ამასთან, ყველაზე შეჭირვებულ რეგიონებში, რელიგიური სივრცეების მკაცრ კლიმატურ პირობებში უსაფრთხოდ მოხმარებას უკავშირდება. საბჭოთა პერიოდში შეცვლილი პროფილის მიუხედავად, მეჩეთი საკმაოდ კარგად იყო შენახული - მას სხვადასხვა დროპ მაღაზიად, საწყობად და სკოლად იყენებდნენ. თანამედროვე პირობეში, აივანზე, მიჰრაბსა და შესასვლელში შემორჩენილი ხის ძელებზე არსებული ნაკვეთი ორნამენტები ოსტატობის მაღალ ხარისხზე მიგვითითებენ. მიჰრაბსა და კარის ჩარჩოზე ტიტის ფორმის ოსმალური ორნამენტებია, აივნის ფუძის კარნიზებზე ზიგზაგები, ერთმანეთში გადაწნული კვანძები, მედალიონები და ამოკვეთილი გეომეტრიული ნაყშებია დატანილი, ხოლოაივანს, კარს და მინბარს  შაბლონით გამოჭრილი ყვავილოვანი ორნამენტები ამშვენებენ. ქვედა სართულის კაუჭიანი სვეტები მეზანინს ამაგრებენ, ზემოთ კი - დაღარულ დორიულ სვეტებს ჭერი უკავიათ. გეგელიძეების მეჩეთის გუმბათის მხატვრობა ტრადიციულია: კომპოზიციაში გამოყენებულია მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსთვის დამახასიათებელი მოტივები ყვავილის წნულები, ქსოვილის გირლიანდები და მედალიონები. 

 

მუნიციპალიტეტი: ქედა
მდებარეობა:  41°38’53.8”N 42°04’38.2”E
მოსახლეობა: 428
აგების თარიღი: 1880-1900 (ჰიჯრით 1297-1318)
რესტავრაციის თარიღ(ებ)ი: 2016-2017
მშენებლები:  უცნობია
მინარეთი: არ გააჩნია