დღვანი
სოფელ დღვანის მეჩეთი
დღვანის მეჩეთი შუახევის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაგებობაა, რომელიც ბევრ ისტორიულ ბედუკუღმართობას გადაურჩა. ბოლშევიკებს მის დანგრევაზე ხელი ადგილობრივმა მოსახლეობამ ააღებინა იმ მიზეზით, რომ შენობა საწყობად შეიძლება გამომდგარიყო. მეწყრის მიზეზით, ნაგებობა თავდაპირველი მდებარეობიდან დაძრულია, ხოლო მისი მრევლი, სოფლის დაცლის გამო - შემცირებულია. ამჟამად, დღვანის მეჩეთში აჭარის ერთ-ერთი ყველაზე საგულდაგულოდ შესრულებული კედლის მხატვრობაა დაცული, რომელიც ლაზ ოსტატებს - ომერ უსტასა და უსტა ბინ აჰმედს ეკუთვნით (სავარაუდოდ, ამ უკანასკნელთა ყალმიდან ღორჯომის და სავარაუდოდ, ბეღლეთის მეჩეთის მოხატულობაც გამოვიდა). ნახატებიდან ნათლად გამოსჭვივის მათი ხელწერა - დაკეცილი წითელი ყელსახვევები, ყვავილის ქოთნები, გუმბათის ყელის ირგვლივ დატანილი ბუშტუკებიანი მოტივი, ასევე ორფერა შევრონის ფორმის ნაყშით მოვარაყებული პირველი სართული,
დღვანის მიჰრაბზე, ბეღლეთის მსგავსად, მოოქროვილი ყვავილის თაიგულია გამოსახული, ოღონდ აქ იმავე ფერის ნახევარმთვარეები და ვარსკვლავებიც მოჩანს. მარცხნივ, ოსტატებმა გაწონასწორებული სასწორები გამოსახეს. შენობის გარეთ ვერანდაზე სხვა გამორჩეული ნახატები შეგვხვდებათ - შესასვლელის მარცხნივ სიმინდია გამოსახული, ხოლო მარჯვნივ კი - დეტალებში აღბეჭდილი ოსმალურდროშიანი ორთქლის გემი. დღვანის მეჩეთში არსებული ხის ორნამენტები მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს არსებულ ფართოდ გავრცელებულ შაბლონებს ეფუძნება, თუმცა მინბარის თავზე განლაგებული პანელი ძალიან გამორჩეულია - მასზე გამოსახულ ვაზის ლერწებით შემკულ გადახლართულ რგოლები ნახევარმთვარეები აგვირგვინებენ. შენობის შიგნით სვეტები დორიულია, ხოლო ვერანდისა - აბსტრაქტულ ყვავილოვან მოტივებს იყენებს, რომელიც მეჩეთში ინტერიერში არსებულ დამაგრებულ ხის ორნამენტებს ჩამოჰგავს.
მუნიციპალიტეტი : შუახევი
მდებარეობა : 1°34’47.6”N 42°12’42.5”E
მოსახლეობა : 284; დიდი დღვანი - 1158
აგების თარიღი: 1907 (ჰიჯრით 1325)
რესტავრაციის თარიღ(ებ)ი : 1969, 1990-იანი წლები
მშენებლები: ლაზი ოსტატები ომერ უსტა და უსტა ბინ აჰმედი
მინარეთი: არ გააჩნია