ჩაო
სოფელ ჩაოს მეჩეთი
ზემო აჭარის სხვა მეჩეთების მსგავსად, ჩაოც ადგილობრივმა მშენებლებმა ააგეს, ხოლო მისი მორთულობა ქვემო აჭარიდან მოწვეულ ლაზ ხელოსნებს ეკუთვნის. 1936 წელს, როდესაც საბჭოთა ხელისუფლების განკარგულებით მინარეთი მოიშალა, მეჩეთი - საწყობად, ხოლო მედრესე - სოფლის კლუბად გადააკეთეს. საგულისხმოა, რომ ამ უკანასკნელს სოფლის მცხოვრებლები ძალიან აქტიურად იყენებდნენ.
პოსტსაბჭოთა პერიოდში ჩაოს მეჩეთის გასარემონტებლად, ადგილობრივი შემოწირულების გარდა, ბათუმიდან მოტანილი ხალიჩები და თურქეთში დამზადებული პროფილირებული თუნუქის ფურცლები იქნა გამოყენებული. მართალია, ინტერიერის პასტელური ფერები და კედლებზე არსებული ტრაფარეტული მოხატულობა თვალშისაცემად ახალია, შიდა ნაწილის მნიშვნელოვან ადგილს სიმინდის ტაროებიანი ტრადიციული მოხატულობა იკავებს. მსგავსი დეკორატიული მოტივი ახოს, დღვანის და ღორჯომის მეჩეთებისთვისაცაა დამახასიათებელი. ინტერიერის ერთადერთი ელემენტი, რომელიც ჯერ არ შეუღებავთ, გუმბათია, რომლის ლაქით დაფარული ხის პირი კედლის ფერადოვან მხატვრობას უპირისპირდება.
მართალია, ჩაო ეკონომიკური თვალსაზრისით, მეტნაკლებად ფეხზე დგას, იგი მოსახლეობისგან ნელნელა იცლება, რაც როგორც თემს, ასევე - მეჩეთს დიდ საფრთხეს უქმნის. მრევლის და შესაბამისად, შენობის მოსაწესრიგებლად საჭირო რესურსები თანდათან მცირდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 1988 წლის მეწყრის შემდეგ, ბევრმა ოჯახმა ბარში გადასახლება გადაწყვიტა.
მუნიციპალიტეტი : ხულო
მდებარეობა : 41°37’12.8”N 42°17’34.4”E
მოსახლეობა : 212
აგების თარიღი: 1909-1912 (ჰიჯრით 1326-1330)
რესტავრაციის თარიღ(ებ)ი : 1993-1995
მშენებლები: ლაზი ოსტატები ბათუმიდან და გონიოდან
მინარეთი: გააჩნია (თავდაპირველი 1936 წელს დაინგრა)