აგარა
სოფელ აგარის მეჩეთი
მიუხედავად იმისა, რომ აგარის მეჩეთში დღემდე უხვად შემორჩენილა ისტორიული მნიშვნელობის მხატვრობა და ხეზე კვეთა, მისი ინტერიერის ყველაზე გამორჩეული ელემენტი შედარებით ახალია: შენობის კედლებს მთელ სიგრძეზე ტრაფარეტის გამოყენებით და შეფრქვევით გამოყვანილი პალმის ხეები ამშვენებენ. ოსტატის მიერ აჭარის რეგიონის თბილ კლიმატთან გავლებული პარალელი მართალია, მაღალმთიან სოფელში უადგილოდ მოჩანს, თუმცა მსგავსი, ან შესაძლოა, უფრო ადრინდელი - გასაბჭოებამდელიც კი, მხატვრობა მახლობელი საცხოვრებელი სახლის ფასადზეც გვხვდება. თანამედროვე გაფორმება ძველი ნამუშევრის შესამკობადაა გამოყენებული და არასდროს გამოიყენება მის გადასაფარად. დიზაინის სხვა ორიგინალური ელემენტები - ჩუქურთმებით მორთული მინბარი, მიჰრაბის ჩარჩო, კარი და აივანი რუსეთის იმპერიის ბატონობის გვიანდელი ხანისთვის დამახასიათებელი ხის დამაგრებული ორნამენტული სტილის ტიპური მაგალითებს წარმოადგენენ.
მეჩეთის გუმბათი ნაგებობის ერთადერთი ელემენტია, რომლის თავდაპირველ მხატვრობას არავინ შეხებია. გარდა გუმბათისა, შენობის მთელი ჭერი პოლივინილის პანელებითაა დაფარული. გვირგვინები, ყვავილები და ქსოვილის გირლიანდების მოტივები ამ ეპოქის მხატვრობისთვის საკმაოდ დამახასიათებელია. შედარებით ნაკლებად გვხვდება ნახატის ცენტრში გამოსახულ რგოლზე დატანილი ნახევარმთვარეებიანი და თეთრვარსკვლავიანი წითელი დროშები, რომელიც ოსმალეთის (და მოგვიანებით, თურქეთის) დროშას გვახსენებენ. ასეთი მოტივები აჭარაში იშვიათია, სამაგიეროდ ხშირად გვხვდება მეზობელი ახალციხის რეგიონში, სადაც ერთ დროს, სხვებისგან გამორჩეული, თუმცა ასევე სუნიტი მუსლიმი მესხების თემი სახლობდა.* აგარის გუმბათი ერთ დროს თურქი მესხებით დასახლებული სოფლების, ორგორის, ფერსას და საყუნეთის მეჩეთებისას წააგავს და თითქმის იდენტურია ზიკილიისა (ამ უკანასკნელის მშენებლობა ჰიჯრით 1317 წელს, ხოლო ქრისტიანული კალენდრით 1900 წელს გასრულდა). დეკორატიული ელემენტების სიახლოვე გვაფიქრებინებს, რომ ლაზ ოსტატებს კავშირები აჭარის ფარგლებს გარეთ არსებულ მუსლიმურ თემებთანაც ჰქონდათ.
*მუსლიმი მესხები , რომლებიც სავარაუდოდ, ან „გათურქებული“ ეთნიკური ქართველების, ან - ჩამოსახლებული თურქების შთამომავლები არიან, თანამედროვე საქართველოს სამხრეთ-დასავლეთში იმ ტერიტორიაზე სახლობდნენ, რომელიც მეთექვსმეტე საუკუნიდან ოსმალეთის შემადგენლობაში შედიოდა. 1944 წელს, საბჭოთა ხელისუფლებამ მუსლიმი მესხები შუა აზიაში ძალდატანებით გაასახლა, ხოლო მათ სოფლებში საცხოვრებლად ქართული მოსახლეობა ჩამოიყვანა, რის გამოც მეჩეთების უმეტესობა მიტოვებული იქნა.
მუნიციპალიტეტი: ხულო
მდებარეობა: 41°41’48.4”N 42°23’16.5”E
მოსახლეობა: 497
აგების თარიღი: 1903
რესტავრაციის თარიღი: 1990-იანები
მშენებლები: უცნობი ლაზი ოსტატები
მინარეთი: გააჩნია